გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმროში Tbilisi Marriott კონკურსის “მწვანე ჯილდო” გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა.
კონკურსის გამარჯვებულებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების წახალისების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში, თბილისის 30 საბავშვო ბაღის წარმომადგენელი მონაწილეობდა, რომელთაგანაც 15 საუკეთესო კონკურსის მეორე ტურისათვის შეირჩა.
კონკურსის სამი გამარჯვებული, სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ ორი ეტაპის ქულების დაჯამების შედეგად გამოავლინა.
მესამე ადგილი 162-ე საბავშვო ბაღის მეთოდისტმა მარიკა ებიტაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილი მე-5 საბავშვო ბაღის მეთოდისტმა ნინო სადუნიშვილმა, ხოლო “მწვანე ჯილდოს” მფლობელი 85-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელი ლელა ტყემალაძე გახდა.
კონკურსის მიზანს იმ აღმზრდელ-მეთოდისტების წახალისება წარმოადგენდა, რომლებიც 2016 წლიდან მოყოლებული სწავლებაში აქტიურად იყენებენ “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების” სახელმძღვანელოს და ზრუნავენ ბავშვებისთვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლებაზე. აღნიშნული სახელმძღვანელო გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში შეიმუშავა. სახელმძღვანელო წარმატებით დაინერგა ქ. თბილისისა და კახეთის რეგიონის ყველა საბავშვო ბაღში და უახლოეს მომავალში მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება.
შესაბამისად, კონკურსი, რომელშიც პირველ ეტაპზე, მხოლოდ თბილისის ბაღები მონაწილეობდნენ, შემდეგში, უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს.