ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით, დისკუსია თემაზე - საქართველოს ბიომრავალფეროვნება გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ - სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.
ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე, მის წინაშე მდგარ პრობლემებსა და სხვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა: ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა, მონიტორინგის სისტემა, წითელი ნუსხის სახეობები, ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებები, ველური ფრინველების დაცვის შესახებ დირექტივა და ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტი.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა, მოსწავლეებმა და დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღო. მონაწილეთა მხრიდან ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: ბიომრავალფეროვნებისათვის მიყენებულ ზიანზე პასუხიმგებლობა, საერთაშორისო ვაჭრობა, დაცული ტერიტორიების მნიშვნელობა ბიომრავალფეროვნებისთვის, წითელი ნუსხის სახეობები, გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფ ცხოველთა საფრთხეები, ზურმუხტის ქსელი და გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობა.