გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი“, კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამისადმი მიძღვნილი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთავრაძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამხრეთ კავკასიის ოფისის ხელმძღვანელი როლანდ შტოირერი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დორექტორი თამარ ალადაშვილი ესწრებოდნენ.
კლიმატის მწვანე ფონდი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში შეიქმნა, როგორც მისი მთავარი ფინანსური მექანიზმი. ფონდი მობილიზებას უწევს 100 მილიარდ აშშ დოლარს, რომლითაც მოხდება განვითარებადი ქვეყნების დაბალემისიიანი და მდგრადი განვითარების პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორც ეროვნული დანიშნული ორგანო, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად ახდენს პროექტის „კლიმატის მწვანე ფონდისთვის მზადყოფნისა და მოსამზადებელი პროგრამის“ იმპლემენტაციას. პროექტი მხარს უჭერს საკოორდინაციო სტრუქტურის შექმნას, ეროვნული დიალოგის პროცესს და კლიმატის მწვანე ფონდისთვის ეროვნული პროგრამის შემუშავებას.
ეროვნული პროგრამის მიზანია ქვეყნის კლიმატის ცვლილების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათზე დაყრდნობით საპროექტო კონცეფციების შემუშავება. აღნიშნული ღონისძიება დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს, ჩაერთონ ქვეყნის პრიორიტეტების და პოტენციური პროექტების შესახებ დისკუსიაში, ასევე პროგრამის საკონსულტაციო პროექტის განხილვაში.
შეხვედრას საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.