საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის ფარგლებში რეგიონულ კოორდინატორებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტების რეგიონული კოორდინატორები ესწრებოდნენ.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა, რომელმაც ისაუბრა საქართველოში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების და დაგეგმილი ღონისძიებების პროცესში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობისა და შესაძლებლობების გაძლიერების თაობაზე. სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნენ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის მიზნებს, ამოცანებს და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებს, რაც გულისხმობს როგორც მრავალმხრივი საფრთხების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოებას და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღებასა და გამოყენებას, ასევე საქართველოს მოსახლეობაზე, საარსებო გარემოსა და ინფრასტრუქტურაზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი საფრთხეების ზემოქმედების შემცირებას. მიღებული ინფორმაცია დაეხმარება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, უზრუნველყონ ადგილობრივი მთავრობის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი მედიის და თემზე დაფუძნებული ორგანიზაციების ჩართულობა და მონაწილეობა პროექტის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებში.
პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) და სფეროს სხვა ექსპერტები.
პროექტი “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში”, რომლის საერთო ბიუჯეტი 70 მილიონი აშშ დოლარია, 7 წლის განმავლობაში განხორციელდება და მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებას, ადრეული შეტყობინების სისტემის განვითარებას და მრავალფაქტორიანი საფრთხეების მართვის ეფექტიანი ეროვნული სისტემის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში მცხოვრები 1.7 მილიონი ადამიანის წყალდიდობისგან, ზვავისაგან, გვალვისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული სხვა ბუნებრივი საფრთხეებისგან უკეთ დაცვას.