გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით დოკუმენტის -,,გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: - საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ - განახლების შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეებმა ეკატერინე გრიგალავამ და თეიმურაზ მურღულიამ, ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების - GIZ პროგრამის დირექტორმა ჰანს-იოკამ ლიპმა მიმართეს.
2012 წელს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, „გარემოსდაცვითი განათლება მდგრადი განვითარებისათვის: საქართველოს ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“ მოამზადა , რომელიც საჯარო განხილვების, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან გამართული სპეციალური სამუშაო შეხვედრებისა და გარემოსდაცვითი განათლების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.
აღნიშნული დოკუმენტის განახლებასთან დაკავშირებით კი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობის ფარგლებში, თითოეული უწყების ჩართულობა განხორციელდა.
შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებების ხელმძღვანელები, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები ესწრებოდნენ.
ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა.