გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით პროექტის „გლობალური გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესებისა და მის შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით ინფორმაციის მართვის ჰარმონიზება საქართველოში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. პროექტი მიზნად გარემოზე ზემოქმედებისა და ტენდენციების მონიტორინგის გაუმჯობესებასა და ერთობლივი გარემოსდაცვითი ინფორმაციის მართვის სისტემის შემუშავებას ისახავს. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით პროექტის მენეჯერმა ნინო გვაზავამ და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა მიმართეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო გარემოსდაცვითი ინფორმაციის/ცოდნის მართვის სისტემის მასშტაბირებადი ინფრასტრუქტურის ტექნიკური დავალების დოკუმენტი და რიოს სამი კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების ინტეგრაციისთვის ეროვნული უწყებების მანდატების (როლი და პასუხისმგებლობა) ჰარმონიზების შუალედური ანგარიშები. პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით მიმდინარეობს. შეხვედრას საჯარო, საერთაშორისო, არასამთავრობო და აკადემიური სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.