გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და ქ.თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმისა და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი კუთხით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ თეიმურაზ მურღულიამ ისაუბრა.
მემორანდუმს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ია პაპიაშვილმა და ქ.თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის მიზანი სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცენტრში შექმნილი სახელმძღვანელოს დანერგვის ხელშეწყობა, მეთოდისტებისა და აღმზრდელების გადამზადება და გარემოსდაცვითი აქტივობების განხორციელების ხელშეწყობაა.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2016 წელს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - ,,სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.
5-6 წლის ბავშვებთან სამუშაოდ გათვლილი სახელმძღვანელო ბიომრავალფეროვნების დაცვას, ნარჩენების მართვას, წყლის რესურსების დაზოგვასა და ენერგოდამზოგველობას მოიცავს.