გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს მოსწავლეები ეწვივნენ.
2015 წლის 19-23 ოქტომბერს, თბილისში „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ (CITES) კონვენციის მცენარეთა კომიტეტის რიგით 22-ე შეხვედრა ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გამოაცხადა მოსწავლეთა ნახატების კონკურსი ველურ მცენარეთა და ცხოველთა დაცვის თემაზე, რომლის დროსაც ცენტრის წარმომადგენლების მიერ ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები ტარდებოდა.
ამჯერად ცენტრს კონკურსში მონაწილე თბილისის 107-ე და 149-ე საჯარო, სოფ. გამარჯვების საჯარო და კერძო სკოლების “სერვანტესის გიმნაზია აია-GESS”, საბავშვო სამხატვრო სტუდიის Happy Kids Happy Planet”, “პოლიგლოტი”,“ოლიმპი” და კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეები სტუმრობდნენ, სადაც კონკურსში მონაწილე ნამუშევრები დახვდათ გამოფენილი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ნახატების დიდი რაოდენობის გამო ნამუშევრები ეტაპობრივად გამოფინა, რაც კვლავაც გაგრძელდება.