ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

კვლევის შედეგების პრეზენტაცია

სსიპ -  გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „გარემოსდაცვითი განათლების შეფასება საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ განხორციელებული კვლევის „გარემოსდაცვითი განათლების შეფასება საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა 2014 წლის მარტი-სექტემბრის თვეში ჩატარდა, რომელმაც 57 ბაღის, 69 საჯარო სკოლის, 33 პროფესიული სასწავლებლის, 57 უმაღლესი სასწავლებლისა და 28 ორგანიზაციის წარმომადგენელი მოიცვა. გამოკითხულთა 47% ფიქრობს, რომ გარემოსდაცვით განათლებას სათანადო ყურადღება არ ექცევა, 30% მიიჩნევს, რომ დიდი ყურადღება ექცევა, ხოლო 23% თვლის, რომ მხოლოდ ნაწილობრივი ყურადღება ექცევა. კვლევამ გამოკვეთა, რომ პროფესიული გარემოსდაცვითი განათლების გაუმჯობესებისთვის საჭიროა სასწავლო პროგრამების დანერგვა, სასწავლო ბაზების კეთილმოწყობა და მათი თანამედროვე სტანდარტებთან მიახლოება.

დადგინდა, რომ საქართველოში რეგისტრირებული 57 უმაღლესი სასწავლებლიდან გარემოსდაცვით ხარისხს მხოლოდ 11 უნივერსიტეტი ანიჭებს, ხოლო გარემოსდაცვითი საგნები სხვადასხვა სპეციალობებზე მხოლოდ 28 უნივერსიტეტში (რაც უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების 49%-ს შეადგენს) ისწავლება. კვლევაში ყურადღება გამახვილდა ასევე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზე.

2010-2014 წლებში 90 პროექტი განხორციელდა. პროექტების განხორციელების სიხშირით არასამთავრობო ორგანიზაცია CENN და PH International, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო, ასევე “მწვანეთა მოძრაობა” ლიდერობენ. აღნიშნული კვლევის შედეგად განათლების სისტემაში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით შემუშავდა რეკომენდაციები. კვლევის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა განათლების ყველა საფეხურზე გარემოსდაცვითი განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა/ გაანალიზება.

შედეგების პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ.

საჯარო განხილვები