ტრენინგის მონაწილეები, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ფერმაში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას იღებენ.
მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენებით, მესაქონლეობის დარგის კოოპერატივები ფერმების თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მართვას შეძლებენ, რაც წარმოებული პროდუქციის ხარისხსა და რაოდენობაზე დადებითად აისახება.
ორდღიანი სწავლება მოიცავს საკითხებს: მსხვილფეხა პირუტყვის ძირითადი ინფექციური და ვექტორული დაავადებები, ფერმის დაცვა ცხოველთა დაავადებებისაგან, არაგადამდები დაავადებები, ვეტერინარული პრეპარატების სწორი გამოყენება, მოთხოვნები პირველადი წარმოების მიმართ, ძროხის ჯიშები, ძროხის მოვლა-შენახვა, მშრალი და მეწველი ფურის კვება და სხვა.
მესაქონლეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის ტრენინგები პროექტის ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL ფარგლებში, კოოპერატივების განვითარების ფონდთან თანამშრომლობით და სოფლის განვითარების სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით ტარდება.
მიმდინარე წელს, პროექტის ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში - SQIL ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში დაგეგმილია, ჯამში, 8 ტრენინგის ჩატარება და 100-ზე მეტი მესაქონლე ფერმერის გადამზადება.
პროექტი SQIL დაფინანსებულია აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA)მიერ. პროექტს ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია Land O'Lakes Venture 37, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.