გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა
► გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა გაეროს კლიმატის ცვლილებების ჩარჩო კონვენციისადმი საქართველოს მეორე ორწლიანი განახლებული ანგარიშის პრეზენტაცია მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
► მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა გაეროს განვითარების პროგრამას (UNDP) და გლობალურ გარემოსდაცვით ფონდს (GEF) აქტიური მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის და ყურადღება დოკუმენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
„გაეროს კონვენციის მიმართ ანგარიშის მომზადება მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ეროვნული პოლიტიკის გასატარებლად. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც პარიზის შეთანხმება და სხვა საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმება გვაკისრებს, დროულად და ზედმიწევნით შევასრულოთ. მოგეხსენებათ, კლიმატის ცვლილება დადასტურებული ფაქტია და სათბური აირების ემისიების შემცირების საკითხისადმი თითოეული ქვეყნის პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება უმნიშვნელოვანეს საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
► ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ანნა ჩერნიშოვამ მიმართა.
„2019 წელი საკვანძო თარიღია პარიზის შეთანხმების შესრულების კონტექსტში, რადგან მსოფლიოს ქვეყნებმა უნდა განაახლონ შეთანხმების ფარგლებში აღებული ეროვნული ვალდებულებები სათბური აირების გაფრქვევის შემცირებასთან დაკავშირებით. საქართველო მზადაა ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები დაისახოს და მწვანე ეკონომიკის განვითარებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგას, რაშიც მას გაეროს განვითარების პროგრამა დაეხმარება“,- განაცხადა ანნა ჩერნიშოვამ.
► პრეზენტაციის ფარგლებში, უახლესი ორწლიანი ანგარიშის განხილვისას, სათბური აირების გაფრქვევის წყაროების, მათი გაზომვის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის (MRV) ეროვნული სისტემის აღწერის შესახებ განახლებული ინფორმაცია და რეკომენდაციები წარმოადგინეს.
ანგარიშში, ასევე წარმოდგენილი იყო საქართველოს გამოწვევები კლიმატის ცვლილების შერბილებისა და ადაპტაციის მიმართულებით. ყურადღება საკანონმდებლო რეგულაციების სრულყოფის, დაფინანსების საჭიროების, ინსტიტუციური მექანიზმების გამართვის, მეტი ხარისხიანი კვლევისა და კლიმატისადმი მეგობრული ტექნოლოგიების დანერგვის საკითხებზე გამახვილდა.
► ღონისძიებას სამინისტროს შესაბამისი უწყებების, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.