გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები ტაჯიკეთის რესპუბლიკის გარემოს დაცვის თემატიკაზე მომუშავე დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა გახსნა. საუბარი შეეხო საქართველოს გარემოსდაცვითი განათლების პოლიტიკას, სატყეო სექტორის მართვის პრინციპებს, გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების განვითარებას.
„ტაჯიკეთი ამ ეტაპზე მუშაობს გარემოსდაცვითი განათლების პროგრამის შემუშავებაზე. საქართველოში ვიზიტით მყოფ კოლეგებს გავაცანით ის პროექტები და პროგრამები, რომლებიც საქართველოში გარემოსდაცვითი განათლების ხელშესაწყობად ხორციელდება; ასევე, ჩვენი გამოცდილება გავუზიარეთ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და საზოგადოების მონაწილეობის გაზრდის კუთხით”, - განაცხადა თამარ ალადაშვილმა.
ტაჯიკეთის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის, პარლამენტის ეკოლოგიური კომისიის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ორჰუსის ცენტრის წარმომადგენელები.
„ძალიან საინტერესო იყო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენებები გარემოსდაცვითი განათლების და ტყის მდგრადი მართვის მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ჩვენთვის სასარგებლოა საქართველოს გამოცდილების გაზიარება. მოხარულები ვართ მჭიდრო თანამშრომლობისა და თქვენი პრაქტიკის გაცნობის ხელშეწყობისთვის“, - განაცხადა ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობის გარემოს დაცვის კომიტეტის დაცული ტერიტორიის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნაჯმიდინ ნაზმუდინოვმა.