საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” კონკურსის “მწვანე ჯილდო 2019 - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა მიმართეს.
“ფორმალურ განათლებაში სკოლამდელი განათლების როლი უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ეტაპზე იწყება ბავშვის ჩამოყალიბება და უნარ-ჩვევების გამომუშავება. შესაბამისად, გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირება სკოლამდელი მზაობის პროგრამაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი და საამაყო გადაწყვეტილებაა. დარწმუნებულები ვართ, რომ სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობით სამომავლოდ უკეთესობისკენ შევცვლით არსებულ მდგომარეობას და გავაუმჯობესებთ მომავალი თაობების დამოკიდებულებებს გარემოსადმი”- განაცხადა მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.
2019 წელს კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა და მასში მონაწილეობდა 120 აღმზრდელი და მეთოდისტი, რომელიც პრაქტიკაში „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების“ სახელმძღვანელოს იყენებს და აქტიურად ახორციელებს გარემოსდაცვით აქტივობებს.
კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეთა შეფასება მოხდა მიღებული განაცხადების საფუძველზე, ხოლო კონკურსის მეორე ტური ჩატარდა თბილისსა და ქუთაისში, სადაც შერჩეულმა კონკურსანტებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები განხორციელებული გარემოსდაცვითი საქმიანობების შესახებ. ფინალური ათეულიდან დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდა „მწვანე ჯილდო 2019-ის“ გამარჯვებული - ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღის აღმზრდელი ნათია თავაძე. გამარჯვებულს სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის “მწვანე ჯილდო”, მადლობის სიგელი და კომპანია "კარფურის" მხარდაჭერით პერსონალური კომპიუტერი გადაეცა.
კონკურსის გამარჯვებული სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებულმა კომისიამ ორი ეტაპის ქულების დაჯამების შედეგად გამოავლინა.
კონკურსი “მწვანე ჯილდო”, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, უკვე მეორედ გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის წარმომადგენელმა მიიღო.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობის მიზნით 2016 წელს სასკოლო მზაობის პროგრამის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა დამხმარე სახელმძღვანელო აღმზრდელთათვის - „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება’’, რომელიც მოიცავს სამ ძირითად თემას: 1. ბიომრავალფეროვნება ჩვენ გარშემო 2. წყლისა და ენერგიის დაზოგვა 3. ნარჩენების მართვა.
2016 წლიდან სახელმძღვანელოს დანერგვის მიზნით მიმდინარეობდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელებისა და მეთოდისტების ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ჯამში საქართველოს ყველა მხარეში გადამზადდა 1600-მდე ბაღის 2000-მდე აღმზრდელ-პედაგოგი და მეთოდისტი, რომლებსაც გადაეცათ სახელმძღვანელოები და სხვა დამხმარე მასალები.
სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და სფეროში დასაქმებული განმანათლებლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.