20 მაისი ფუტკრის მსოფლიო დღეა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა, ფუტკრის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეებისა და დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ვებინარი „ფუტკრის როლი ეკოსისტემაში“ გამართა.
ახალგაზრდები გაეცნენ ინფორმაციას ფუტკრის ოჯახის შესახებ, ასევე მიიღეს რეკომენდაციები ფუტკრის დანესტვრის შემთხვევაში.
ფუტკარს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს როგორც სასურსათო უსაფრთხოებაში, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. ფუტკრის მსოფლიო დღის აღნიშვნის ძირითადი მიზანი, ეკოსისტემაში ფუტკრის როლის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.
მსოფლიოში სხვადასხვა სახეობის ფუტკარი არსებობს. ქართული (მთის რუხი) ფუტკარი კავკასიის უნიკალური ბიომრავალფეროვნების მაგალითია, რომელსაც აქვს უნიკალური თვისებები: გრძელი ხორთუმი, კლიმატის მიმართ გამძლეობა, პროპოლისისა და თაფლის დიდი რაოდენობით დამზადების უნარი. ამ მახასიათებლების გამო, ქართულმა (მთის რუხი) ფუტკარმა, სხვადასხვა წლებში, საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.