საქართველოში მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის ეტაპობრივად დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ პირები, რომლებიც მდგრადი საჯარო შესყიდვების სისტემის დანერგვისა თუ შემდგომი ფუნქციონირების პროცესში იქნებიან ჩართული.
მდგრადი საჯარო შესყიდვები გულისხმობს სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კონკრეტული შესყიდვების ობიექტების საჯარო შესყიდვისას, როგორიც არის საოფისე დანადგარები, საწმენდი საშუალებები, საბეჭდი ქაღალდი, მდგრადი განვითარების სამი საფუძვლის - ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი -გათვალისწინებით დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღებას. მდგრადი საჯარო შესყიდვების მიზანია გარემოსდაცვითი კეთილდღეობის გაზრდა და გარემოზე ზემოქმედების მართვის სწორი მექანიზმების დანერგვა.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აქტიური ჩართულობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4 Environment“ ფარგლებში გაიმართა. პროექტი მიზნად ისახავს სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობათა გაძლიერებას მდგრადი საჯარო შესყიდვების და ეკომარკირების სისტემის ეფექტიანი დანერგვისა და ფუნქციონირებისათვის.