ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ეკოლიდერთა სკოლაში გასვლითი ტური მოეწყო

ეკოლიდერთა სკოლაში გასვლითი ტური მოეწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „ეკოლიდერთა სკოლის” მოსწავლეები ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას ესტუმრნენ. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში მოსწავლეებმა მეღვინეობასთან დაკავშირებული არქეოლოგიური ექსპონატები, საღვინე ჭურჭელი და ენოთეკა დაათვალიერეს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის ლაბორატორიაში, მოსწავლეებმა ინფორმაცია მიიღეს ჩამდინარე და ზედაპირული წყლის ჰიდროქიმიური ანალიზების, ძირითადი იონების განსაზღვრის, ბიოგენური ელემენტებისა და მძიმე ლითონების შესახებ. ასევე, გაეცნენ ატმოსფერულ ჰაერში აზბესტის განსაზღვრის მეთოდებს. გასვლითი ტურის ფარგლებში, ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მოსწავლეები დიღმის ჭალებში, თბილისის ახალ ზოოპარკში და ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ. ალგეთის ეროვნულ პარკში ეკოლიდერები დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, იშვიათ და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს გაეცნენ. 

ნარჩენების გადამუშავების საკითხების გაცნობის მიზნით, ეკოლიდერები საწარმო შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ და პლასტმასის ბოთლების გადამუშავების პროცესს ადგილზე გაეცნენ. „ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. IX-XII კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შეისწავლეს სად და როდის ჩამოყალიბდა გარემოსდაცვითი მოძრაობა, გაეცნენ ადამიანის ეკოლოგიურ უფლებებს, ნარჩენების მართვის მნიშვნელობას და არსებულ საუკეთესო პრაქტიკას, ბიომრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას, კლიმატის ცვლილების გავლენას და გარემოსდაცვითი განათლებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის როლს გარემოს დაცვაში.

საჯარო განხილვები