გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კონკურსის „მწვანე ჯილდო - სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება 2022” გამარჯვებულს, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის N1 საბავშვო ბაღის აღმზრდელს, ნონა მარგოშვილს „მწვანე ჯილდო” და სპეციალური პრიზები გადასცა.
ღონისძიება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა, რომელსაც ქ. ახმეტის მერი ალექსი ფიცხელაური და მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი თამუნა ონიაშვილი ესწრებოდნენ.
„უმნიშვნელოვანესია, ადრეული ასაკიდან ბავშვებს ჩავუნერგოთ ბუნების სიყვარული და გარემოს მოფრთხილება. სკოლამდელი ასაკი გარდამტეხია, რადგან ამ დროს ბავშვი ყალიბდება როგორც ინდივიდი და სწავლობს გარემოზე ზრუნვის აუცილებლობას. ყოველივე ამის მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი, როგორც აღმზრდელების როლი. ჩვენც გვჭირდება წახალისება და „მწვანე ჯილდოს“ კონკურსმა, მით უფრო საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გასვლამ, მომცა ძალიან დიდი მოტივაცია“, - განაცხადა ნონა მარგოშვილმა.
„მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ ჩვენი მომავალი თაობის განათლებას გარემოს დაცვის მიმართულებით. ამ კუთხით ბევრ საინტერესო პროექტს ვახორციელებთ. კონკურსი „მწვანე ჯილდო” ერთ-ერთი მათგანია, რომლითაც ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოტივირებული პედაგოგი და აღმზრდელი ინტერესდება,” - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.
კონკურსი „მწვანე ჯილდო” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2018 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანია იმ პედაგოგებისა და აღმზრდელების გამოვლენა და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება” და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და ზრუნავენ ბავშვების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშესაწყობად. სახელმძღვანელოები წარმატებით ინერგება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
2022 წელს გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ პედაგოგები და აღმზრდელები მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობდნენ.