გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.
შეხვედრას პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ 10 სამიზნე მუნიციპალიტეტის (გორი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, ლაგოდეხი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„პროექტის წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი შერჩეულ მუნიციპალიტეტში სამიზნე აუდიტორიასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია და მათი პროცესებში ჩართვის უზრუნველყოფაა, რისთვისაც გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით არაერთი შეხვედრა და ფორუმი გაიმართა. აღნიშნული შეხვედრების ძირითადი მიზანი დაინტერსებული საზოგადოებისთვის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, მათთან დიალოგი და სამომავლო თანამშრომლობაზე მსჯელობა იყო. პროექტის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი კონკურსში „შექმენი უსაფრთხო თემი” ადგილობრივი არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების ჩართულობა, საპროექტო იდეების განხილვა და ადვოკატირების გეგმების შემუშავებაა”, -განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.
შეხვედრაზე მონაწილეებმა, პროექტის ექსპერტთან ერთად იმსჯელეს ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების პროცესში, ასევე, განიხილეს თანამონაწილეობითი პროექტის დაგეგმვის უპირატესობები და გამოწვევები, შეიმუშავეს საპროექტო იდეები და ადვოკატირების კამპანიების გეგმები.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.