ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო

მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით მწვანე ბანაკში ,,კლიმატის ელჩები" სწავლა დაიწყო.

მწვანე ბანაკი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.
„ბანაკის მიზანია ახალგაზრდების გარემოსდაცვით აქტივობებში ჩართვის ხელშეწყობა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. ასევე, გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაცია, იმისათვის რომ ხელი შევუწყოთ და დავაინტერესოთ მოსწავლეები სწავლა გააგრძელონ ამ მიმართულებით და მონაწილეობა მიიღონ გარემოსდაცვით აქტივობებში“,- განაცხადა თამარ ალადაშვილმა.

ბანაკში მონაწილეობისათვის კონკურსის საფუძველზე შეირჩა 32 ახალგაზრდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათი საშუალო ასაკია 16 წელი. 

ბანაკი ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს, აიმაღლონ ცნობიერება გარემოსდაცვით თემებზე და მისი დასრულების შემდეგ განახორციელონ პროექტები ადგილობრივ დონეზე. ბანაკის პროგრამა მოიცავს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხებს, როგორიცაა ტყის რესურსების მართვა, ბიომრავალფეროვნება, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში, კლიმატის ცვლილება და კატასტროფების რისკის შემცირება, თემზე დაფუძნებული კატასტროფების რისკის მართვა, საქართველოსთვის დამახასიათებელი გეოლოგიური საფრთხეები, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის მნიშვნელობა და როლი საქართველოში. მონაწილეები დარგის სპეციალისტებთან ერთად იმუშავებენ მათთვის საინტერესო გარემოსდაცვით თემებზე და ჩაერთვებიან გუნდურ აქტივობებში.

მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

 

საჯარო განხილვები