მემორანდუმს ხელი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორმა, სოფიკო ახობაძემ მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია, განამტკიცოს ცენტრსა და REC Caucasus-ს შორის არსებული თანამშრომლობა მიწის რესურსების და მდგრადი სოფლის მეურნეობის საკითხების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.
„ცენტრი, საქმიანობის ფარგლებში, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელშეწყობას სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის. ჩვენთვის პრიორიტეტულია ქვეყანაში დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებში დანერგვა“, - განაცხადა განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა.
როგორც თამარ ალადაშვილმა აღნიშნა, მემორანდუმი ხელს შეუწყობს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრს (REC Caucasus) შორის თანამშრომლობას გარემოსდაცვით, მიწის რესურსების და მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროებში მოქმედ კომპანიებთან და სექტორულ ასოციაციებთან კვალიფიციური სამუშაო რესურსის მომზადების პროცესში.
„გარემოს დაცვისა და აგრარული საკითხების კომპლექსურობიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, შესაბამისი კამპანიების მეტად სტრუქტურიზება. მოხარულები ვართ, რომ კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად, აქტიურად იმუშავებს ამ მიმართულებით და საინტერესო პროექტებს განახორციელებს“, - განაცხადა სოფიკო ახობაძემ.
მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ მიწის რესურსების და მდგრადი სოფლის მეურნეობის სფეროებში პროფესიული პროგრამების შემუშავება-დანერგვის საკითხებზე, ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების აღნიშნული მიმართულებებით შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით.