ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

მედიაკონკურსის „ერთად ოზონის შრის დასაცავად“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

მედიაკონკურსის „ერთად ოზონის შრის დასაცავად“ გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

კონკურსის შედეგად, გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე სამი გამარჯვებული ჟურნალისტი გამოვლინდა. გამარჯვებულები ნინა სამადაშვილი, ნინო გიორგობიანი და გელა მამულაშვილი გახდნენ. სტატიები ქართულ მედიაპლატფორმებზე გამოქვეყნდა. თითოეულმა გამარჯვებულმა 1,500-ლარიანი ვაუჩერი მიიღო ენერგოეფექტური საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შესაძენად. 

ჟურნალისტების მიერ წარმოდგენილ სტატიებსა და ბლოგებში აღწერილია ოზონის შრესთან დაკავშირებული ვითარება, შესაბამისი პოლიტიკის გატარების მნიშვნელობა და თითოეული ადამიანის ინდივიდუალური ქცევის წვლილი ჯანსაღი გარემოსთვის. 

გამარჯვებულები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს უფროსმა ნოე მეგრელიშვილმა და UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა დააჯილდოვეს.

„მივესალმები ჟურნალისტებს, რომლებიც გარემოსდაცვით საკითხებს აშუქებენ. მონრეალის ოქმი იმის მაგალითია, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ მთავრობები, მეცნიერები, ბიზნესი და მედია გარემოსდაცვითი შეთანხმებების შესასრულებლად ერთიანდებიან. როგორც კი ადამიანებმა გააცნობიერეს, რომ ოზონის შრეს სერიოზული საფრთხე ემუქრება, მსოფლიოს ქვეყნებმა კოორდინირებული მოქმედება დაიწყეს ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარების შესამცირებლად”, - განაცხადა UNDP-ის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნიკ ბერესფორდმა.  

„მედიაკონკურსმა აჩვენა, რომ საქართველოში გარემოსდაცვითი ჟურნალისტიკა წარმატებით ვითარდება. აქტუალური გარემოსდაცვითი საკითხების სიღრმისეული გაშუქება აუცილებელია ისეთი საკვანძო საქმიანობის წარმატებისთვის, როგორიცაა  ოზონის შრის დაცვა, პლასტიკით დაბინძურების შემცირება და კლიმატის ცვლილების შერბილება“, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.

კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ორგანიზებით გაიმართა. 

UNDP და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ პროგრამას, რომელიც საქართველოში მონრეალის ოქმის შესრულებასა და საშიში ოზონდამშლელი ნივთიერებების მოხმარებიდან ამოღებას ემსახურება. 

 

საჯარო განხილვები