ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“  ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა

პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, სათემო ფორუმი გაიმართა. შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში, ნიკ ბერესფორდმა გახსნეს.

სათემო ფორუმში ათი სამიზნე მუნიციპალიტეტის (ლაგოდეხი, თელავი, ახმეტა, სიღნაღი, გორი, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი) მერიების, საკრებულოების, სათემო  და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. ფორუმზე განვიხილეთ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცა ჰიდრომეტეოროლოგიური და აგრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელი და მისი მნიშვნელობა, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხის რუკები და მოწყვლადობის შეფასების პროცესი, მუნიციპალური საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების შემუშავების და კარგი პრაქტიკების გაზიარების საკითხები. მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე პროცესებში მუნიციპალიტეტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობა ეროვნული პროგრამის მიზნების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„ჩვენ ვმუშაობთ მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად, ვისმენთ მათ პოზიციას და ვსწავლობთ მათგან. მოხარული ვარ, რომ სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდა კლიმატის ელჩები ინტერესდებიან კლიმატის ცვლილებით. ახალგაზრდები არიან მომავალი ლიდერები; შესაბამისად, მათი აქტიური ჩართულობა კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაში კიდევ უფრო გააძლიერებს და მედეგს გახდის საქართველოს“, - აღნიშნა ნიკ ბერესფორდმა.

შემაჯამებელ ფორუმზე მონაწილეებმა განიხილეს პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, დასრულებული და მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები, ,,კლიმატის ელჩების" მიერ განხორციელებული ახალგაზრდული პროექტები. არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს მოხსენებები სათემო პროექტების შესახებ, ხოლო გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა ისაუბრეს გენდერული ასპექტების ინტეგრირების შესახებ და  თემზე დაფუძნებული კატასტროფის რისკის მართვაში ქალებისა და მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

ფორუმზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული კონკურსების გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის „ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ პირველი ადგილი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის N2 საჯარო სკოლამ, ხოლო მეორე ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის საჯარო სკოლამ დაიკავა. კონკურსში „შექმენი უსაფრთხო თემი“ გამარჯვებული ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სათემო ორგანიზაცია „კედელი“ გახდა. მედიაკონკურსში კი, აჭარის ტელევიზიის  ჟურნალისტმა ლევან ურიდიამ გაიმარჯვა.

პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობის მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.

 

საჯარო განხილვები