გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე კონფერენციის შედეგები საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებს გააცნეს.
აღსანიშნავია, რომ გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა რიგით 27-ე შეხვედრაზე განხილვის მთავარ თემას გლობალური კლიმატის ცვლილებით გამოწვეული პროცესები და მათი შერბილების გზები წარმოადგენდა.
„აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე განხილული იყო მიმდინარე საკითხები და გამოწვევები, რომელთა მომზადებაშიც საქართველოს დელეგაცია აქტიურად მონაწილეობდა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კლიმატის ცვლილების „ზარალისა და ზიანის ფონდის“ შექმნაა, რომელმაც კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს. გადაწყვეტილების მიხედვით, შეიქმნება გარდამავალი მმართველი კომიტეტი, რათა განისაზღვროს ფონდის პოლიტიკა. აღნიშული ფონდი, გრძელვადიან პერსპექტივაში, უზრუნველყოფს განვითარებადი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, დამატებით დაფინანსებაზე წვდომის შესაძლებლობას”, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
ახალგაზრდებს შეხვედრის შედეგები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცნეს, რომლებიც აღნიშნულ კონფერენციაში იღებდნენ მონაწილეობას.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება კლიმატის ეროვნული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში გაიმართა.