„გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განისაზღვრა გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობების განმახორციელებელი პირების ვალდებულება, საქმიანობის დაწყებისთანავე და განხორციელების პროცესში ჰქონდეთ გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის საშუალება.
კანონით განისაზღვრა გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის ორი სახე: დაზღვევა და საბანკო გარანტია.
ამავე კანონით, საქართველოს მთავრობას დაევალა, მიიღოს დადგენილება „გარემოსთვის განსაკუთრებით საშიში საქმიანობის განხორციელებით გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის წესის შესახებ“.
აღნიშნული წესის შესახებ დადგენილების პროექტის გაცნობის, მოსაზრებების გაზიარებისა და პოზიციების შეჯერების მიზნით, საქართველოს ბიზნესასოციაციის, ბიზნესომბუდსმენის, სადაზღვევო კომპანიებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფრომაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა და გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ მაია ბერაძემ გახსნეს.
აღსანიშნავია, რომ, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის პირველადი ვერსია. პროექტის მიზანია, გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის ფინანსური უზრუნველყოფის მოცულობის განსაზღვრის კრიტერიუმების, ფინანსური უზრუნველყოფის ოდენობის გამოანგარიშების პროცედურის, ფინანსური უზრუნველყოფის უფლებამოსილ ორგანოში შეთანხმების წესისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა საკითხების მოწესრიგება.
დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება/საბანკო გარანტიის გაცემა სადაზღვევო კომპანიების/საბანკო დაწესებულებების მიერ უნდა მოხდეს.