პროექტი ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი), მიმდინარე წლიდან, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებშიც განხორციელდება. ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე, დაინტერესებულ მხარეებს, მუნიციპალიტეტების და თემების დონეზე განსახორციელებელი აქტივობები გააცნეს.
შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის წარმატებით განხორციელებაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
მონაწილეებმა თემზე დაფუძნებული რისკის მართვის მნიშვნელობა, პროგრამის ფარგლებში მომზადებული საფრთხის რუკები და განხორციელებული და დაგეგმილი ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები განიხილეს.
შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი ურუშაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) GCF პროექტის კოორდინატორი ქეთევან სხირელი და დაინტერესებული საზოგადოება ესწრებოდნენ.
პროგრამა „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის და შვედეთის მთავრობების მიერ, მის განხორცილებას კი, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.