დედამიწის დღე პირველად 1970 წელს აღინიშნა, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.
„დედამიწის დღის” აღნიშვნის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის და ქ.თბილისის მწვანე სკოლის ორგანიზებით მოსწავლეებს ლექცია ჩაუტარდათ.
ახალგაზრდებს გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი ესაუბრა.
,,ჩვენთვის პრიორიტეტულია გარემოსდაცვითი მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომელიც ადრეული ასაკიდან ყალიბდება. მოსწავლეებთან ერთად ამ დღის აღნიშვნა და მათი გარემოსდაცვით აქციებში ჩართულობა მნიშვნელოვანია. ახალგაზრდებთან ვისაუბრეთ საკითხებზე, თუ როგორ უნდა ვიზრუნოთ დედამიწაზე. მათი ინტერესი და ჩართულობა გარემოსდაცვით აქტივობებში მისასალმებელია”, - აღნიშნა თამარ ალადაშვილმა.
„დედამიწის დღესთან“ დაკავშირებით, მოსწავლეებმა, შეხვედრის შემდეგ, სკოლის ეზოში ნერგები დარგეს.
აღნიშნული დღის ფარგლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით დასუფთავების აქცია მოეწყო საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.