გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“ 2023 წლის სასწავლო კურსი დაიწყო.
„ეკოლიდერთა სკოლაში“ სასწავლო კურსი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ეკატერინე ბენდელიანმა გახსნა.
„ეკოლიდერთა სკოლის პროგრამა იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდებმა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა აქტუალურ და საინტერესო გარემოსდაცვით საკითხზე. აღნიშნული სკოლა ცენტრის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაინტერესებას გარემოსდაცვითი საკითხებით და გარემოსდაცვითი ღირებულებების ჩამოყალიბებას”, - განაცხადა ეკატერინე ბენდელიანმა.
IX-XII კლასის მოსწავლეები, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ ინფორმაციას მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.
2023 წელს, კონკურსის საფუძველზე, მთელი საქართველოს მასშტაბით „ეკოლიდერთა სკოლაში“ მოხვედრა 69 მოსწავლემ შეძლო.
სასწავლო კურსი ორი თვე გაგრძელდება. თეორიულ სწავლებასთან ერთად, მოეწყობა საველე გასვლები. ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები ჩაატარებენ. „ეკოლიდერთა სკოლა“ დისტანციურად, ZOOM-ის პლატფორმით განხორციელდება.