მორიგი საჯარო კონსულტაცია ქ.ქუთაისში ჩატარდა. კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ მოიცავს საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, არსებულ ეროვნულ პოლიტიკას, საქართველოზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენის ანალიზს, სამომავლო რისკებს და კლიმატის კანონის საერთაშორისო მაგალითებს.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის საქართველოს პროგრამის ხელმძღვანელი ქეთევან ჩადუნელი ესწრებოდნენ.
კონსულტაციაში მუნიციპალიტეტების, არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და დაინტერესებული მხარეები მონაწილეობდნენ. საჯარო კონსულტაციაში მაქსიმალური ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდა.
საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნი“ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით შეიმუშავა. „მწვანე წიგნის“ შექმნის მიზანი საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის შემუშავებისთვის ფართო საზოგადოებრივი დისკუსიისა და კონსულტაციების დაწყებაა.
კონსულტაციების ფარგლებში მიღებული მოსაზრებების შემდეგ, შემუშავდება კლიმატის ცვლილების კანონის „თეთრი წიგნი“, რომელშიც საქართველოს კლიმატის ცვლილების კანონის ძირითადი პრინციპები აისახება.