გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვით თემებზე დებატები გაიმართა.
დებატების კონკურსში 50-მდე სხვადასხვა სკოლის ეკოკლუბიდან, აპლიკაციების გადარჩევის შედეგად შეირჩა 4 სკოლა, რომლებმაც კლიმატის ცვლილებისა და ნარჩენების მართვის შესახებ დებატებში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიებაზე საკონკურსო კომისიის შეფასების შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ, რომელთაც პრიზები გადაეცათ. კლიმატის ცვლილების მიმართულებით დებატებში თბილისის 142-ე საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე მომავალი“, ხოლო ნარჩენების მართვის მიმართულებით საჩხერის მე-3 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „ეკო თაობა“ გაიმარჯვეს.
დებატების მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას და ცნობიერების ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებში. ასევე, მიმდინარე კლიმატის ცვლილებისა და ნარჩენების მართვის პროცესებში გამოწვევების იდენტიფიცირებას და შესაძლებლობების წინ წამოწევას. მომხსენებლებმა ასევე, გარემოს დაცვის საკითხებში და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში განათლებისა და ახალგაზრდების როლზეც ისაუბრეს.
სკოლის ეკოკლუბების დებატები გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით პროექტის „მმართველობის რეფორმის ფონდი“ (GRF) ფარგლებში ჩატარდა.