პროგრამის ,,კლიმატის ახალგაზრდა მოხალისეები" წარმატებული კურსდამთავრებულები, სასწავლო ვიზიტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებს ესტუმრნენ.
გარემოს ეროვნულ სააგენტოში მოხალისეებმა, დარგის სპეციალისტებთან ერთად, შესაძლო სტიქიურ მოვლენებზე საპროგნოზო ინფორმაციის მომზადების და შესაბამისი უწყებებისთვის დროული მიწოდების საკითხები განიხილეს; ამავდროულად, ქვეყანაში არსებული მეტეოროლოგიური რადარების მონაცემების ანალიზის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს; გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში, კურსდამთავრებულები წყლისა და მიწის კვლევის პროცესებს გაეცნენ, ხოლო ღვინის ეროვნულ სააგენტოში ინფორმაცია მოისმინეს ქართული ღვინის ისტორიის და საერთაშორისო ბაზრებზე ქართულ ღვინოზე არსებული მოთხოვნების შესახებ.
პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, სადაც ახალგაზრდებმა ნარჩენების მართვისა და მდგრადი წარმოების შესახებ ლექცია მოისმინეს.
ახალგაზრდა მოხალისეთა ქსელი აერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს უწყობს საგანმანათლებლო აქტივობებში მათ აქტიურ ჩართულობას.
პროგრამა ,,კლიმატის ახალგაზრდა მოხალისეები" ხორციელდება პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში. პროგრამა დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.