მეცნიერებისა და ინოვაციის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, საჯარო ლექცია „ბაქტერიოფაგები: ჯანსაღი ეკოსისტემის გარანტი“ გაიმართა. საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი დავით ფრანგიშვილი საჯარო ლექციაზე შეეხო ბაქტერიოფაგების როლს ბუნებაში, მათ გავლენას მიკრობულ პოპულაციებსა და ბაქტერიოფაგების გამოყენების პრაქტიკას მედიცინაში. პანელურ დისკუსიაზე მეცნიერებმა იმსჯელეს ბაქტერიოფაგების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობაზე აგროსასურსათო სისტემის მდგრადობის გასაძლიერებლად და მათ სამომავლო პერსპექტივებზე.
აღნიშნული ღონისძიებით, საქართველო შეუერთდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებულ მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეულს.
მეცნიერებსა და დაინტერესებულ სტუდენტებთან ერთად, ღონისძიებას დაესწრნენ განათლებისა და მეცნიერებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროების, FAO-სა და WHO-ს საქართველოს ოფისების წარმომადგენლები, საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია.
საჯარო ლექცია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ორგანიზებითა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და საქართველოს ზოგადი და გამოყენებითი მიკრობიოლოგიის ასოციაციის პარტნიორობით გაიმართა.