ქ. დუშანბეში, ორჰუსის კონვენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების დანერგვის ხელშეწყობასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში ორჰუსის კონვენციის მხარე ქვეყნების გარემოს დაცვის სამინისტროებისა და ორჰუსის ცენტრების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საზოგადოების მხრიდან ორჰუსის კონვენციის პრინციპების განხორციელების მნიშვნელობის შესახებ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების წარდგენას. 2002 წლიდან ეუთო მხარს უჭერს ორჰუსის ცენტრების ფუნქციონირებას და ორჰუსის კონვენციის განხორციელებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, აღმოსავლეთი ევროპაში, ცენტრალური აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.
შეხვედრაზე, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა საქართველოში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობისა და მწვანე ეკონომიკის პრინციპების ხელშეწყობასთან დაკავშირებით პრეზენტაცია წარადგინა.
ორჰუსის ცენტრების ყოველწლიური შეხვედრა ქ. დუშანბეში (ტაჯიკეთი) ეუთოს, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეკონომიკური და გარემოსდაცვითი საქმიანობის კოორდინატორის ოფისის (OSCE) ორგანიზებით გაიმართა.