„ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №42 დადგენილებაში 2021 წლის 26 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში, რომელიც საქმიანობის სუბიექტების მიერ, კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილ უწყებასთან შეთანხმებულია 2016 წლის პირველი ნოემბრის შემდეგ, ხელახალ შეთანხმებას არ საჭიროებს და მოქმედებს უვადოდ (გარდა ,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
,,ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის” მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის სამინისტროსთან ხელახალი შეთანხმება სავალდებულოა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტთან დაკავშირებული შემდეგი ცვლილებების განხორციელებისას:
*ადგილმდებარეობის შეცვლა;
*სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლა;
*მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდა;
*არსებული საწვავის სახეობის შეცვლა;
*დამატებით საწვავის ახალი სახეობის გამოყენება;
რეკონსტრუქციის განხორციელებისას ტექნოლოგიურ პროცესში მავნე ნივთიერებათა გამოყოფისა და გაფრქვევის ახალი წყაროების, აგრეთვე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ჩართვის ან/და არსებულის სხვა პარამეტრებით შეცვლა.
აღნიშნულ შემთხვევებში უკვე შეთანხმებული ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება და უნდა მოხდეს მისი ხელახალი შემუშავება და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.
ცვლილების მიხედვით, დაბინძურების სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის შემთხვევაში, საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებასთან ერთად წარუდგინოს სტაციონარული ობიექტის გასხვისების ან გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
იხ. დანართი
საქართველოს მთავრობის დადგენილება N42 ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების ინვენტარიზაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე