გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით თიანეთის მუნიციპალიტეტში გამართულ შეხვედრაზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებების, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.
საინფორმაციო შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ გოჩა ქავთარაძემ გახსნეს. შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას და შემოსავლის წყაროების გამრავალფეროვნებას.
პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ), გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.