გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ახმეტის, თელავის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ტყის მდგრადი მართვისა და ენერგოეფექტური ღუმელების შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრებზე მონაწილეებმა საქართველოს ტყის კოდექსით გათვალისწინებული ცვლილებები, ტყის მდგრადი მართვის, ტყეზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების, ასევე, ენერგოეფექტური ღუმელების და ალტერნატიული საწვავის გამოყენების უპირატესობის საკითხები განიხილეს.
შეხვედრა საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული პროექტის მიზანია საქართველოში ტყეზე ზეწოლისა და ტყის კარგვის შემცირება ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით; ამავდროულად, პროექტი მიზნად ისახავს ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარების ხელშეწყობას და ტყესთან ახლოს მდებარე თემების და ადგილობრივი თვითმმართველობების შესაძლებლობათა გაძლიერებას, სექტორში მიმდინარე პროცესებში მათი ჩართულობის ზრდას.
პროექტი მოიცავს საქართველოს სამი რეგიონის - გურიის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის 8 მუნიციპალიტეტს (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური, ახმეტა, თელავი, დედოფლისწყარო, ყვარელი, თიანეთი). პროექტი „ECO.Georgia” თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს მთავრობის, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებების ჩართულობით.