გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რეინჯერების, მეტყევეების და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორებისთვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული მრავალმხრივი საფრთხეების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების სისტემის შესახებ ტრენინგები ჩატარდა.
„კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების რისკის მართვის შესახებ ადგილობრივ დონეზე შესაძლებლობების გაძლიერება და მუნიციპალიტეტებში რეინჯერების, მეტყევეების და ინსპექტორების კვალიფიკაციის ამაღლება გადამზადების გზით მნიშვნელოვანი საკითხია. აღნიშნული სამიზნე ჯგუფების და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ბუნებრივ საფრთხეებსა და შესაძლო რისკებზე დროული რეაგირების მიმართულებით კოორდინირებული ქმედებების განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს სტიქიური პროცესების წინასწარ იდენტიფიცირებას ან მათი ექსტრემალური გააქტიურების შემთხვევაში გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან თანამშრომლობას”, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა.
ტრენინგები ჩატარდა საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების დაფინასებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში” ფარგლებში. ტრენინგის მიზანია შესაძლო რისკებზე დროული რეაგირების ხელშეწყობისთვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერება. პროექტის ფარგლებში გადამზადდა სამიზნე 31 მუნიციპალიტეტის 200-მდე რეინჯერი, მეტყევე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორი.