გარემოსდაცვითი ინფრომაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემა (AKIS) წარმოადგენს მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული საზოგადოებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას.
შეხვედრას შესაბამისი სამინისტროების, არასამთავრობო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, სექტორული ასოციაციების, საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის შესახებ.
ბერნის უნივერსიტეტის გამოყენებითი მეცნიერების სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ტყისა და სურსათის მეცნიერებების ექსპერტმა რობერტ ლემანსმა მონაწილეებს AKIS-ის შესახებ საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული შვეიცარული გამოცდილება გააცნო და ამ მიმართულებით წარმატების მიღწევის ფაქტორები დაასახელა.
„AKIS-ის სისტემა უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობაში დაინტერესებული მხარეებისთვის ცოდნისა და ინოვაციების ხელმისაწვდომობას და ეფექტიანი კოორდინაციის მექანიზმების დანერგვას. სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინფორმაციის თანამედროვე სისტემა ფრაგმენტულია; მის გაძლიერებას სჭირდება ქვეყანაში ეფექტიანი ცოდნის ნაკადების შექმნა და ახალი სისტემური ხედვის ფორმირება”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა.
შეხვედრას ესწრებოდნენ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ეკონომიკური განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ნანობაშვილი და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) წარმომადგენელი ბექა თაღაური.
შეხვედრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეგიდით, პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში VET (ფაზა3)“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.