„ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, შემუშავდა „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ზონებისა და აგლომერაციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი.
პროექტი მომზადდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების საგზაო რუკაზე დაყრდნობით, რომელიც შემუშავდა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში და მოიცავს ევროპელი ექსპერტის მიერ შემოთავაზებულ საქართველოს ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად გადანაწილების პირველად მონახაზს.
ბრძანების პროექტის მიზანია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შეფასების შედეგების, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ინვენტარიზაციის და გეოგრაფიული და მეტეოროლოგიური პარამეტრების საფუძველზე დაადგინოს ზონები და აგლომერაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის სისტემის გასაუმჯობესებლად.
აღსანიშნავია, რომ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის ზონებისა და აგლომერაციების დადგენა წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
ბრძანების პროექტთან დაკავშირებით შენიშვნების და წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია 2021 წლის 30 ივლისის ჩათვლით (ელ-ფოსტა: info@eiec.gov.ge)
ბრძანების პროექტის დოკუმენტი იხილეთ მითითებულ ბმულზე - ზონებისა და აგლომერაციების ბრძანების პროექტი