27 მარტს, ადგილობრივი დროით 20:30 საათიდან, საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში „დედამიწის საათი” აღინიშნა. „დედამიწის საათი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარემოსდაცვითი აქციაა. მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს და ამით პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს. „დედამიწის საათი” ერთიანობის და იმედის სიმბოლოა. 2021 წლის ღონისძიების მთავარი მოწოდებაა, რაც შეიძლება მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ხერხებით მოხდეს საუბარი ბუნების დაცვის აუცილებლობაზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე სასაუბროდ ონლაინ შეხვედრა „დედამიწის საათი” გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, მსმენელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო თხილავამ, ბუნების დაცვის ფონდის (WWF) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) წარმომადგენლებმა მიმართეს. სპიკერებმა საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების შესახებ ისაუბრეს.
შეხვედრას სკოლის მოსწავლეები და ეკომეგობრული კომპანიების წარმომადგენლები შეუერთდნენ. ერთი საათის განმავლობაში სინათლე ჩაქრა - საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცის შენობაში, პრეზიდენტის რეზიდენციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სხვა სამინისტროების შენობებში, პარლამენტის შენობაში, რიყის პარკის ტერიტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, თავისუფლების მოედანზე მდებარე წმიდა გიორგის მონუმენტზე, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობებზე, ძველი თბილისის შენობებზე, თბილისის სატელევიზიო ანძაზე, თბილისის მერიაში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. აქციის ფარგლებში, თბილისის სატელევიზიო ანძა მთელი ღამის განმავლობაში მწვანედ განათდა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ღონისძიება ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით აღნიშნა.
„დედამიწის საათი” პირველად 2007 წელს, ავსტრალიაში ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. სიდნეიში სინათლის ჩაქრობის სიმბოლური და ერთჯერადი ღონისძიების სახით წამოწყებულმა „დედამიწის საათმა“ ისეთი მასშტაბები შეიძინა, რომ მას კერძო პირები, ბიზნეს-საწარმოები და ორგანიზაციები შეუერთდნენ.