ვიდეო ზარი ონლაინ დახმარება

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

eng
ადაპტირებული შშმ პირებისთვის

სიახლეები

ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების მეექვსე ეროვნული ანგარიშის საჯარო პროექტის განხილვა

ორჰუსის კონვენციის განხორციელების 2017-2020 წლების მეექვსე ეროვნული ანგარიშის საჯარო პროექტის განხილვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ კონვენციის (ორჰუსის კონვენცია) განხორციელების 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

შეხვედრაზე ორჰუსის კონვენციის ეროვნულმა პასუხისმგებელმა პირმა (National Focal Point) - ნინო გოხელაშვილმა 2017-2020 წლების რიგით მეექვსე ეროვნული ანგარიშის მომზადების პროცედურის, სტრუქტურის და კონვენციის შესრულების მდგომარეობის სამი პრინციპის (გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა და მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობა) შესახებ ისაუბრა. საჯარო განხილვის მიმდინარეობისას არასამთავრობო ორგანიზაციების - “მწვანე ალტერნატივას” და “საბუკოს” წარმომადგენლებმა გამოთქვეს თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები ანგარიშთან დაკავშირებით და შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

საჯარო განხილვას, რომელსაც ესწრებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სხვა სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და დაიტერესებული საზოგადოება, ფასილიტაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი უწევდა.

საჯარო განხილვამდე საქართველოს სამთავრობო და სხვა შესაბამისი უწყებების მიერ მომზადებული ანგარიშის პროექტი საზოგადოების მხრიდან კომენტარებისა და მოსაზრებებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდა 16 ოქტომბერს. საზოგადოების მხრიდან წარმოდგენილი კომენტარებისა და შენიშვნების საფუძველზე, რომლის განხილვაც ხდება შესაბამისი უწყებების კომპეტენციის ფარგლებში, დარედაქტირებული და განახლებული ანგარიშის საბოლოო ვერსია გამოქვეყნდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებ-გვერდებზე.

მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვა ონლაინ გაიმართა.

საქართველო, როგორც ორჰუსის კონვენციის წევრი ქვეყანა, ვალდებულია, ოთხ წელიწადში ერთხელ კონვენციის ყოველი მხარეთა შეხვედრისთვის, მოამზადოს და წარადგინოს კონვენციის შესრულების ეროვნული ანგარიში. ეროვნულ ანგარიშებში აღიწერება, თუ რა საკანონმდებლო, მარეგულირებელ და სხვა სახის ღონისძიებებს ატარებენ მხარეები კონვენციის მოთხოვნათა შესასრულებლად.

ორჰუსის კონვენციის მხარე სახელმწიფოების მიერ ანგარიშების წარდგენის საბოლოო ვადად განსაზღვრულია 2021 წლის 1 თებერვალი.

1998 წლის 25 ივნისს დანიის ქალაქ ორჰუსში 39 ქვეყნის და ევროკავშირის მიერ ხელი მოეწერა გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენციას „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ (ორჰუსის კონვენცია). 2000 წლის 11 თებერვალს კი საქართველოს პარლამენტმა მოახდინა კონვენციის რატიფიცირება, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ძალაში შევიდა მისი ამოქმედებისთანავე, 2001 წლის 30 ოქტომბერს.

ორჰუსის კონვენცია გარემოსდაცვით კონვენციებს შორის განსაკუთრებული ტიპის დოკუმენტია, რომელიც აყალიბებს ადამიანის გარემოსდაცვით უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომას. კონვენციის მიზანია გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის და ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო საზოგადოების ჩართულობის გაძლიერება.

 

საჯარო განხილვები