2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“, რომლის შესაბამისად, 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2021 წლის 1 იანვრამდე.
კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას. ასეთ შემთხვევაში აღნიშნული პირი თავისუფლდება კოდექსით დადგენილი გზშ-ის მოსაკრებლის გადახდისგან.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქმიანობის განმახორციელებლები, რომელთაც სამინისტროსთვის არ მოუმართავთ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ვალდებულნი არიან 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილების მიღება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79(7) მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში გაცემული შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე დაწყებული საქმიანობა, რომელიც გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ ხორციელდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე, – გამოიწვევს გაფრთხილებას“, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულია, რომ იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.
დამატებით გაცნობებთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებული პირების/კომპანიების ინფორმირების მიზნით რამდენჯერმე განთავსდა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/29335; https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/26788
დანართი