22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება, რომლის მიზანია გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების გაერთიანება ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად.
დედამიწის დღე ყოველწლიურად ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევებზე. წელს დედამიწის დღის გზავნილია ,,ჩვენი ძალა, ჩვენი პლანეტა”.
გარემოსდაცვითი საკითხების მნიშვნელობაზე სასაუბროდ, „დედამიწის დღის” ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით,ქ.თბილისის მე-19 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები დედამიწის განვითარების ისტორიას და ლურჯი პლანეტის თანამედროვე გამოწვევებს გაეცნენ.
„დედამიწის დღე’’ პირველად 1970 წლის 22 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში აღინიშნა, როდესაც საზოგადოებამ არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება დაიწყო.