საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ჩართულობით, სამცხე-ჯავახეთში, ქ. ახალციხეში სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგების (VET) სისტემების მოდერნიზების მესამე რეგიონული ფორუმი ჩატარდა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ფორუმი გაიმართა შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.
ღონისძიება აერთიანებდა საქართველოს მასშტაბით მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებსა და პროფესიულ კოლეჯებს, დარგობრივ ასოციაციებს, პროგრამის განმახორციელებელ ორგანიზაციებს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა აგრარულ დარგში არსებული ძირითადი საკითხები განიხილეს, მათ შორის: აგრარული პროგრამები, დეფიციტური პროფესიული კადრები, პრაქტიკული სწავლების განვითარება და სხვა აქტუალური თემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეგიონებს შორის კოორდინირებული თანამშრომლობის გაძლიერებას, შესაბამისი დარგის საჯარო და კერძო სექტორს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის ხელშეწყობას, ცოდნისა და ინოვაციების გაზიარებას, ასევე, VET სისტემის მოდერნიზების საკითხებს.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო აგრარული პროფესიული განათლების როლის გაძლიერება და დარგისთვის საჭირო კვალიფიციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობა. მონაწილეებმა შეაჯამეს მიღწეული შედეგები და დაგეგმეს მომდევნო ნაბიჯები. შეხვედრის შედეგად მიღებული შეთანხმებები საფუძვლად დაედება სექტორის მდგრად განვითარებასა და რეგიონულ თანამშრომლობის გაძლიერებას.