გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი აჭარის მუნიციპალიტეტების სკოლების იმ მასწავლებლებს შეხვდა, რომლებმაც პროგრამა „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” ტრენინგები წარმატებით გაიარეს. ღონისძიების ფარგლებში დამხმარე სახელმძღვანელო და სერტიფიკატი 150-ზე მეტ მასწავლებელს გადაეცა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი, ქმნის მოტივაციას, რომ ახალგაზრდები აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების დეფიციტურ პროფესიებს დაეუფლონ.
ბათუმში მასწავლებლებთან შეხვედრას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე დავით ბაციკაძე, შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე ესწრებოდნენ.
პედაგოგებისთვის დამხმარე სახელმძღვანელო „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მომზადდა. სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც მარტივად ადაპტირებადია დაწყებითი კლასების (I-VI კლასი) მოსწავლეებისთვის.
პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდები ბაზისურ ცოდნას იღებენ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მდგრადი განვითარება, ბიომრავალფეროვნების დაცვა, წყლის რესურსების დაცვა, ჰაერის დაცვა დაბინძურებისგან, კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი საფრთხეების შემცირება, ნარჩენების მართვა, მიწის მართვა და გაუდაბნოების წინააღმდეგ ბრძოლა, მდგრადი სოფლის მეურნეობა, სურსათის უვნებლობა და ხარისხი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი პროგრამას „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 2021 წლიდან ახორციელებს და ჯამში 7000-ზე მეტი პედაგოგია გადამზადებული. დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.