გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში სამმხრივი ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს,  GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და GIPA - საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის.
მემორანდუმს ხელი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა და  GIPA- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებმა  მოაწერეს.
მემორანდუმის მიზანია გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და მენეჯმენტის  უმაღლესი განათლების გაუმჯობესება და ახლადშექმნილი სამაგისტრო პროგრამის „გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა“ წარმატებული დანერგვის პროცესის ხელშეწყობა GIPA-ს, GIZ-ის და სამინისტროს მიერ. 
ახალი სამაგისტრო პროგრამა “გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა” GIZ- გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, GIPA- საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა  და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ურთიერთანამშრომლობით შემუშავდა და მისი მიზანი გარემოს დაცვის მიმართულებით ახალი კადრების მომზადებაა.  პროგრამაში მონაწილე სტუდენტები 92%-მდე დაფინანსებას მიიღებენ.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და მაია ბითაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, GIPA-ს ლექტორები, GIZ-ის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები.