გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის „ეკოლიდერთა სკოლაში“ 2023 წლის სასწავლო კურსი დასრულდა.
„ეკოლიდერთა სკოლის“ სასწავლო კურსის შემაჯამებელ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცა.
აღსანიშნავია, რომ კურსი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ სწავლებას. გასვლითი ტურის ფარგლებში მოსწავლეები გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიას ესტუმრნენ და წყლისა და მიწის კვლევის პროცესებს გაეცნენ. ბიომრავალფეროვნების შესახებ ცოდნის ამაღლების მიზნით, მონაწილეები საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში, თბილისის ახალ ზოოპარკში, სამშვილდეს ნაქალაქარსა და ალგეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდნენ. ნარჩენების გადამუშავების საკითხების გაცნობის მიზნით, შპს „პოლივიმს“ ესტუმრნენ და საწარმოს მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
„ეკოლიდერთა სკოლა” გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული სასწავლო პროგრამაა, რომლის მიზანი ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაა. ორი თვის განმავლობაში, მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ. IX-XII კლასის მოსწავლეებმა, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, მიიღეს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების, ადამიანის ეკოლოგიური უფლებების, ნარჩენების მართვის მნიშვნელობის, დაცული ტერიტორიების, ბიომრავალფეროვნების, კლიმატის ცვლილების, ტყის მდგრადი მართვისა და გარემოსდაცვითი განათლების შესახებ.
გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის პროგრამა „ეკოლიდერთა სკოლა” ყოველწლიურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება.