წყლის მსოფლიო დღის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლებისთვის წყლის რესურსების მართვისა და წყლის უსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო შინაარსის მოხსენებებით წარდგნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსა და კლიმატის ცვლილების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე მაია ჯავახიშვილი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და USAID სამხრეთ კავკასიის რეგიონული წყლის მართვის პროგრამის (SCRWM) ხელმძღვანელი ერიკ ვიალა.
ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიის, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს შორის დისკუსიის გამართვას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, საქართველოში წყლის რესურსების მართვის ახლად მიღებული კანონის იმპლემენტაცია და მედიის როლი წყალმომხმარებელთა ქცევის ცვლილებაში.
მედიის საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსიების გარდა, სემინარზე მონაწილეები გაეცნენ USAID-ის ახალ, სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონულ პროგრამას (SCRWM) და წყლის უსაფრთხოების მნიშვნელობას საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონტექსტში.
სემინარი USAID-ის მიერ დაფინანსებული სამხრეთ კავკასიის წყლის მართვის რეგიონული პროგრამის (SCRWM) ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან (EIEC) თანამშრომლობით გაიმართა.