კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა მოიცავს უახლოეს 2 წელიწადში კლიმატის ცვლილების შერბილების კუთხით ქვეყანაში დაგეგმილ ღონისძიებებს ქვეყნის ეკონომიკის შვიდი სექტორისთვის:
• ენერგეტიკის გენერაცია და გადაცემა
• ტრანსპორტი
• შენობები
• მრეწველობა
• სოფლის მეურნეობა
• ნარჩენების მართვა
• სატყეო მეურნეობა
ნარჩენების სექტორში მნიშვნელოვანია ახალი ნაგავსაყრელების მოწყობა/მოწყობის დაწყება და არსებული ნაგავსაყრელების განახლება, ასევე ურბანული ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ტრანსპორტის სექტორიც, რომელშიც პრიორიტეტულია მობილობის არამოტორიზებული (მეტროს სადგურების მოდერნიზაცია, საბაგირო ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა, ველობილიკების მოწყობა) საშუალებებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის წახალისება (კერძოდ, თბილისში). ასევე, ავტომობილებიდან გამონაბოლქვის დონის კონტროლის ტექნიკური მექანიზმის დანერგვა.
სოფლის მეურნეობის სექტორში აქცენტი გაკეთდება ქარსაფარი ზოლების მდგრადი მართვის გაუმჯობესებასა და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის პრაქტიკების თანდათანობით დანერგვასა და მათ პოპულარიზაციაზე ცნობიერების ამაღლების საშუალებით.
სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით დაგეგმილია ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები დეგრადირებული ტყის ტერიტორიაზე, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესებას.
კლიმატის ცვლილების 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა იხილეთ ბმულზე: https://eiec.gov.ge/Ge/ActionPlans