გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები" 51-მა ახალგაზრდამ წარმატებით დაასრულა.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) კლიმატური პროგრამის მენეჯერმა თორნიკე ფულარიანმა ბანაკის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდები წარმოადგენდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონს, მათ შორის, პროგრამის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" სამიზნე მუნიციპალიტეტებს.
მწვანე ბანაკის მონაწილეები, დარგის სპეციალისტებთან ერთად, მუშაობდნენ ბიომრავალფეროვნების, ტყის რესურსების მდგრადი მართვის, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების, კატასტროფის რისკის შემცირების, საფრთხეების შეფასებისა და რისკის განსაზღვრის თემებზე. ბანაკის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია გეოლოგიისა და ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის საქმიანობაზე. განიხილეს დაკვირვების სისტემები, რომლებიც გამოიყენება ამინდის პროგნოზირებისთვის და ადრეული გაფრთხილებისთვის.
მწვანე ბანაკი ,,კლიმატის ელჩები" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში ჩატარდა, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.