გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ქ. ქუთაისში სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS) რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ინკლუზიური ეკონომიკური განვითარების პროგრამის ოფიცერმა ლელა მამრიკიშვილმა გახსნეს.
კონფერენცია მიზნად ისახავდა სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების რეგიონული პლატფორმების შექმნის მიზნით ძირითადი დაინტერესებული მხარეების გაერთიანებას. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ პროექტის ფარგლებში შეძენილი სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობის პრეზენტაცია.
კონფერენციას ესწრებოდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსტენციის სამსახურის, გურიისა და იმერეთის რეგიონის ადმინისტრაციული სამსახურის, მუნიციპალიტეტების, კოლეჯებისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
კონფერენცია გაიმართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის პროექტის „საქართველოს სოფლის მეურნეობაში პროფესიული განათლებისა და ტრენინგის (VET) სისტემის მოდერნიზება (მე-3 ფაზა)“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, შვეიცარიის განვითარების სააგენტოსა (SDC) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.